English / ქართული / русский /
რევაზ ლორთქიფანიძე
ქსელური მენეჯმენტი „მწვანე აფთიაქით“ დემოგრაფიული პრობლემების დასაძლევად

    ანოტაცია. დედაქალაქიდან და რეგიონული ცენტრებიდან ქსელური მართვის მექანიზმების გამოყენების საფუძველზე მენეჯერული ხარჯების შემცირებითა და მაღალმთიან რეგიონებში „მწვანე აფთიაქებისა“ და მცირე ამბულატორიული ობიექტების ამოქმედების გზით, შესაძლებელია, მაღალამთიანეთის დაცარიელებულ სოფლებში ახალგაზრდობის მოზიდვა და საქმიანი დამაგრება, რამაც, შესაძლოა, უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემებიც გადაჭრას   და მასობრივი ეკონომიკური აღმავლობის ციკლიც განავითაროს.

      საკვანძო სიტყვები: ქსელური მენეჯმენტი. ცხოვრების ხარისხი. ხარჯების მინიმიზება. ეფექტიანობა.

შესავალი

       ეკონომიკური კრიზისის გახანგრძლივება განსაკუთრებით თვალსაჩინოდ შეიგრძნობა საქართველოს მაღალმთიანეთში და მოლოდინი იმისა, რომ აქ განვითარებული უმწვავესი ეკონომიკურ-დემოგრაფიული პრობლემები გონივრული ჩარევის გარეშე - თვითრეგულირებით გადაიჭრება, ყოვლად დაუშვებელია.

   ხსენებული პრობლემების წარმოშობის მთავარ მიზეზად დამოუკიდებლობის პირობებში მართვის გამოუცდელობა და, ფარული მონოპოლიების მოქმედების შედეგად, ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელოვანი დეფორმაცია მიგვაჩნია.

     ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან ოპერატიული გამოსვლის ერთადერთ გზად ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს გონივრული ჩართულობა და კონკურენტული ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის გააზრებული სტიმულების ამოქმედება გვესახება.

* * *

       ახლახან გამოქვეყნდა ჩემი მონოგრაფია საერთაშორისო ეკონომიკური კონკურენციისა  და კონკურენტული მართვის შესახებ[1], რაც, ვფიქრობ, გარკვეულ სამსახურს გაუწევს ეკონომიქსისა და მართვის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

        მენეჯერული ხარჯების ოპტიმიზებისათვის, ადგილობრივი ბაზრების რეალური უსაფრთხოებით დაწყებული, გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის ჩემთვის სამაგალითო კვლევების [1-7] განზოგადებისა და საკუთარი გამოცდილების შედეგად გამოვლინდა, რომ სრულყოფილი კონკურენციის კლასიკური გაგების მთავარი ნიშან-თვისება - „კონკურენტთა რაოდენობის უსასრულოდ მზარდი მნიშვნელობა“ - არ შეესაბამება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ვინაიდან, ფიზიკის დენის ძალის კანონის ანალოგიით ჩემ მიერ განსაზღვრული კონკურენციის ძალა ოპტიმალურ მნიშვნელობას, შესაძლოა, სხვადასხვა სიტუაციაში კონკურენტთა სხვადასხვა რაოდენობით აღწევდეს. შესაბამისად, ჩვენ ვილაშქრებთ ე.წ. „ჭიანჭველების“ ბაზრის წინააღმდეგ და გთავაზობთ სრულყოფილების განსაზღვრას ეფექტიანობის კრიტერიუმის შესაბამისად.  აღნიშნული გზა გვაჩვენებს რეალურ შესაძლებლობას, თუ ყოველ კონკრეტულ ბაზარზე რა რაოდენობისა და ზომის ბიზნესები შეიძლება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი ანუ კონკურენტული.

       გამომდინარე, კონკურენტული მენეჯმენტის ჩვენეული მოდელი საკუთარი უნარების დამატებით სტიმულირებას გულისხმობს და, ქსელური დელეგირების მექანიზმების გამოყენებით, გადაუდებელი სტრატეგიული საკითხების დღის წესრიგში გთავაზობთ მაღალმთიანი რეგიონების უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემების ოპერატიულ მოგვარებას სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის აქტიური ჩართულობით.

        ვფიქრობთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ქსელური დელეგირების მენეჯმენტი, მეტად კონკურენტული კოოპერირებით, მომენტალურად (პირველივე წელს დაიწყებს რეალური შედეგების მოცემას) შეცვლის მდგომარეობას.  ასეთი მენეჯმენტის სამაგალითო ელემენტარული სქემა შეიძლება გულისხმობდეს:

        1) ყოველ მაღალმთიან სოფელში მინიმუმ 2 კაციანი ამბულატორიული პუნქტების მოწყობა, რომლებიც დაეხმარება მოსახლეობას (მ.შ. ახალგაზრდა ოჯახებს) სამედიცინო დახმარების (მ.შ. მშობიარობის) აუცილებლობის დროს. პირველ ეტაპზე ასეთი პუნქტები თავისუფალ დროს შეიძლება დაკავდნენ „მწვანე აფთიაქის“ მოწყობით, რომელიც ადგილობრივი ნედლეულით უნიკალური  სამკურნალწამლო პრეპარატების დამზადებასა და ექსპორტზეც იქნება ორიენტირებული და, თანამედროვე სამედიცინო აპარატურის გამოყენებით, უჯრედზე, ელექტრონებსა და კვარკებზე დაკვირვებით ჩაატარებს ცხოვრების ხანგრძლივობის შესახებ უაღრესად აქტუალურ კვლევებს მაღალი მთის უნიკალური ქართული ფენომენის სათანადო დონეზე შესასწავლად;

     2) ასეთი პუნქტების მენეჯერული ფუნქციები (მ.შ. ტექნიკით - ვერტმფრენებითა თუ ჯიპებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფა) დელეგირებული უნდა იყოს კომპანიის სათავო ოფისზე თბილისსა თუ რეგიონულ ცენტრებში;

      3) ასეთი კოოპერირება შექმნის რეალური ბიზნესის საფუძველს და არსებითად გაზრდის ბიზნესის ეფექტიანობას ქვეყანაში, დააბრუნებს ახალგაზრდობას მთაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში;

       4) სახელმწიფო ჩართულობა ამ სქემაში უნდა მოვიაზროთ მინიმალური - სიმბოლური (ამასთანავე, აუცილებელი) ხარჯებით, რაც შეიძლება გამოიხატოს: ა) ამბულატორიული პუნქტების მოწყობაში; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ხშირ შემთხვევაში არასათანადოდ ათვისებული და გამოუყენებული შენობა-ნაგებობების ფართებით) გადაცემაში; გ) მცირე ტექნიკური პარკების აღჭურვაში(რაც სახელმწიფო ბიუჯეტისათვის შესაძლო ფინანსებს საჭიროებს ყოველგვარი დამატებითი მობილიზების გარეშე), რომელთა აუცილებლობა, გვალვებისა და გახშირებული ხანძრების პერიოდში, რთულად მისასვლელი ჩვენი მაღალმთიანეთისათვის მწვავედ საჭირო ვერტმფრენების ნაკლებობამაც დაადასტურა.

        ჩვენი აზრით, აუცილებელია კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფაც და სააგენტოს საშტატო შემადგენლობის ოპერატიულად რაციონალური გაფართოება. დაუშვებლად მიმაჩნია ბაზრის კონცენტრაციის შესახებ იმპერატიული უნიფიცირებული ნორმების არსებობა კანონმდებლობაში - რატომ, მაგალითისათვის 40% და არა 30 ან 50. ასეთი ნორმები, მიზანშეწონილია, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დიფერენცირებული იყოს დარგობრივ და რეგიონულ ჭრილებში, ამასთან,  ყოველწლიური და ყოველკვარტალური შედეგების გათვალისწინებით.

        ჩემ მიერ,  ფიზიკის ომის კანონის მსგავსად, ეკონომიკური კონკურენციის ძალის განსაზღვრა თუ გვეხმარებოდა, რომ ბაზრის ბირთვში მიმდინარე კონკურენტული მოვლენები შეფასებულიყო, ჩემი ახალი რეკომენდაცია კონკურენციის საშუალოშეწონილი შეფასების შესახებ, საშუალებას მოგვცემს, ბაზარი, კონკურენტულობის თვალსაზრისით, მაქსიმალურად სრულად - მეტად სრულყოფილად (სისტემურად) შევაფასოთ. ამ ახალი შეფასების მეთოდის საფუძველზე, სხვადასხვა კონკრეტიკის განზოგადების მაგალითზე გამოვლინდა, რომ, ჩინეთის ბაზარზე კონკურენტების მნიშვნელოვანი მეტობის მიუხედავად, მაღალი მთის კურორტებით მდიდარ აშშ-სა და შვეიცარიაში კონკურენციის დონე დაახლოებით 350-360%-ით მეტია და ინვესტორის ინტერესი ჩინურ ბაზრებზე, გამოწვეულია იაფი რესურსფაქტორების მიზეზებით, რაც, საბოლოო ჯამში, დაბალანსდება და გრძელვადიან სტრატეგიაში, როგორც ჩვენი გაანგარიშებები ადასტურებს, უპირატესობა მიენიჭება უფრო მაღალტექნოლოგიურ ამერიკულ და ევროპულ ბაზრებს.

            ჩემი კვლევის უახლესი შედეგების მიხედვით, კონკურენციის დონე შეიძლება განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

კონკურენციის დონე=ბაზრის ეფექტიანობა/კომპანიების საშუალო შეწონილი ხვედრი წონა

     აუცილებლობად მიმაჩნია, რომ ბაზრის კონკურენტუნარიანობა პირველ რიგში განისაზღვროს ბაზრის ეფექტიანობის მაჩვენებლებით, მათ შორის პროდუქტიულობის (მაგალითად, შრომის მწარმოებლურობა, კაპიტალუკუგება და სხვადასხვა რესურსის გამოყენების ინტენსივობა) და რენტაბელობის (საკუთარი კაპიტალის, აქტივების და ინვესტირებული კაპიტალის მომგებიანობა და ა.შ.) სახით.

       ბაზარზე შეიძლება ძალიან ბევრი კონკურენტი ოპერირებდეს, მაგრამ ბაზარი არაეფექტიანი იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ რაოდენობრივი მაჩვენებლები იგნორირებული უნდა იყოს - ისინი, შესაძლებელია, დამატებით გამოვიყენოთ მეტად კომპლექსური - სრულყოფილი შეფასებისათვის.

      ზემოაღნიშნული კომპანიების საშუალოშეწონილი ხვედრიწონა დამოუკიდებლადაც შეიძლება გამოვიყენოთ ბაზრის კონკურენციის შეფასებისათვის:

                    კომპანიების საშუალო შეწონილი ხვედრი წონა  = )/V,

       სადაც  n არის ბაზარზე არსებული კომპანიების რაოდენობა;

                   Si – i კომპანიის საბაზრო წონა პროცენტებში;

                   Vi – i კომპანიის მოცულობა დოლარებში;

                   V  – ბაზრის სრული ტევადობა დოლარებში.

          მაგალითად, თუ ერთგვაროვანი ბაზრის მოცულობა 200 მილიარდ დოლარს შეადგენს და 3 კომპანია წარმოდგენილია 40; 60 და 100 მილიარდი დოლარით, კომპანიების საშუალოშეწონილი წონა 38% იქნება (20% x40 + 30% x60 + 100x50%) / 200 = 38%).

        ბუნებრივია, სამივე კომპანიის საშუალოარითმეტიკული წონა იქნება 100/3 = 33.3%, მაგრამ 38%, ვფიქრობ, დამეთანხმებით, უფრო ზუსტად ასახავს რეალურ სიტუაციას.

       თუ აღნიშნული 200 მილიარდიანი ბაზარი წარმოდგენილი იქნება 3 კომპანიით - შესაბამისად, 198; 1 და 1 მილიარდი დოლარით, მათი საშუალოშეწონილი იქნება 98,015% (198x99% + 1x0,5% + 1x0,5%), რაც, ვფიქრობ, 33,3%-ზე უკეთ და ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსზე უფრო თვალსაჩინოდ ასახავს, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად კონცენტრირებულია რეალური საბაზრო ძალის მქონე კომპანიის გარშემო და მეტყველებს, რომ ადგილობრივი ბაზრის ეკონომიკური უსაფრთხოება დარღვეულია და გადაუდებელ ღონისძიებებს საჭიროებს. 

დასკვნები

    ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, მაღალმთიან სოფელებში ამბულატორიული პუნქტების მოწყობა „მწვანე აფთიაქების“ მომრავლებით, არსებითად გაზრდის ბიზნესის ეფექტიანობას ქვეყანაში, გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, დააბრუნებს ახალგაზრდობას მთაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში.

        ამასთანავე, ადგილობრივი ბაზრის კონკურენტულობის ამაღლების მიზნით ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სრულყოფილი კონკურენციის კლასიკური გაგების მთავარი ნიშან-თვისება - „კონკურენტთა რაოდენობის უსასრულოდ მზარდი მნიშვნელობა“ არ შეესაბამება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ვინაიდან, ფიზიკის დენის ძალის კანონის ანალოგიით ჩვენ მიერ განსაზღვრული კონკურენციის ძალა ოპტიმალურ მნიშვნელობას, შესაძლოა, სხვადასხვა სიტუაციაში კონკურენტთა სხვადასხვა რაოდენობით აღწევდეს. შესაბამისად, ჩვენ ვილაშქრებთ ე.წ. „ჭიანჭველების“ ბაზრის წინააღმდეგ და გთავაზობთ სრულყოფილების განსაზღვრას ეფექტიანობის კრიტერიუმის შესაბამისად. 

       გამომდინარე, კონკურენტული მენეჯმენტის შემოთავაზებული მოდელი საკუთარი უნარების დამატებით სტიმულირებას გულისხმობს და, ქსელური დელეგირების მექანიზმების გამოყენებით, გადაუდებელი სტრატეგიული საკითხების დღის წესრიგში გთავაზობთ მაღალმთიანი რეგიონების უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემების ოპერატიულ მოგვარებას სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის აქტიური ჩართულობით. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., ბიბილაშვილი ნ., 2018, გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოება. თბ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტკონფერენციაზე წარდგენილი მასალები, გვ. 4-12. http://conferenceconomics.tsu.ge/doc/internet%20konf.pdf

2. Jamieson, Kathleen Hall. Taussig, Doron. 2017–18. Disruption, Demonization, Deliverance, and Norm Destruction: The Rhetorical Signature of Donald J. Trump. PSQ, Volume 132 - Number 4 – Winter: 618-649.

3. Rodric, Dani. 2018. "What Do Trade Agreements Really Do?" Journal of Economic Perspectives 32 (2): 73-90.

4. Shertzer, Allison. 2018. “A Review Essay on Howard Bodenhorn’s The Color Factor: The Economics of African-American Well-Being in the Nineteenth-Century South”. Journal of Economic Literature 56 (1): 206-216.

5. Smith, Adam. 1776. "An inquiry into the nature and causes of the wealth of nations". Complete, fully searchable text at the Library of Economics and Liberty.

http://www.econlib.org/library/Smith/smWN.html

6. Snower, Dennis J., and Steven J. Bosworth. 2016. "Identity-Driven Cooperation versus Competition." American Economic Review, 106 (5): 420-24.

7. The US: Department of Justice http://www.justice.gov/atr/public/ guidelines/ hhi.html https://www.justice.gov/atr/file/761131/download https://www.justice.gov/sites/default/files/atr/legacy/2014/04/10/305027.pdf



[1] ლორთქიფანიძე რ., 2019, საერთაშორისო ეკონომიკური კონკურენციისა და კონკურენტული მართვის თეორია. - თბ., ეკონომისტ ა. გუნიას სახელობის საქველმოქმედო აკადემია, 450 გვ.